კალაძე: დედაქალაქის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერები არ გაუჩერებია

359

დედაქალაქის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერები არ გაუჩერებია , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება, გაუფორმებენ თუ არა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულებებს.

„სამუშაოები ზოგადად ყველა მიმართულებით შეფერხებულია, გაჩერებული არ არის, გრძელდება, მაგრამ არა იმ ტემპით და მასშტაბებით, რაც პანდემიამდე იყო. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე შევძლებთ ისეთივე ტემპით სამუშაოების გაგრძელებას, როგორც ეს პანდემიამდე იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროექტების დასრულება, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტები. ასევე, 2020 წლის დასაწყისში საზოგადოებას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წარვუდგინეთ და დიდ მასშტაბებზე გავდიოდით. თუმცა, აქაც შეიძლება, გარკვეული პროექტების განხორციელებამ გადაიწიოს იმიტომ, რომ დღეს ბევრი რამის გადაფასება გვიწევს, სხვადასხვა პრიორიტეტებია სხვადასხვა მიმართულებით და ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას,რომ ეს პროექტები არ განხორციელდება. შესაძლოა, დროში გადაიწიოს, მაგრამ მოგვიანებით ყველა ეს სამუშაო იქნება წარმოებული. ინფრასტრუქტურული მიმართულებით არცერთი ტენდერი არ გაგვიჩერებია, ყველას ვაგრძელებთ და პარალელურად სიტუაციას ვაკვირდებით. თუ იმის აუცილებლობა იქნება, რომ ეს თანხები სხვა მიმართულებით გადანაწილდეს, რა თქმა უნდა, გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულება არ გაუფორმდება და პროექტი გაჩერდება, თუ საშუალება მოგვეცემა სამუშაოები გავაგრძელოთ, პროექტები გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.