არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), შინაგან საქმეთა სამინისტროს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა. სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
მხარეებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის სასწავლო პროექტის, ასევე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სატრენინგო პროგრამის შემუშავება-განახლების შესახებ იმსჯელეს.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, არჩევნების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მეორე წელია თანამშრომლობს, „მნიშვნელოვანია თავად შეხვედრის არსი და ის მსჯელობა, რომელიც დღეს გაიმართა – ეს გახლავთ არჩევნები და უსაფრთხოება, მშვიდ გარემოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უზრუნველყოფა. ჩვენ ვიმსჯელეთ იმ მემორანდუმის, იმ პრევენციული ღონისძიებების, ასევე იმ სასწავლო პროგრამების შესახებ, რომელიც გვჭირდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანადგომა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რათა ამომრჩევლებს ქონდეთ თავისუფალი საარჩევნო გარემო და ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელების საშუალება“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მემორანდუმის შემუშავების საკითხზე.
„დღევანდელი შეხვედრით ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას ცესკოსთან 2017 წლის არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების ღონისძიებების დასაგეგმად. მომდევნო ეტაპი იქნება მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის საფუძველზეც ჩვენ დავგეგმავთ ერთობლივ ღონისძიებებს. ცესკოსთან თანამშრომლობით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარადჭერით ჩვენ შევძელით 2016 წელს საკმაოდ ორგანიზებულად ჩაგვეტარებინა არჩევნები უსაფრთხოების კუთხით. ეს პროცესი გრძელდება, დღეს იყო პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და თავისუფალ გარემოში“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ასევე გაამახვილა ყურადღება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლერომ და აღნიშნა, რომ IFES-ი უკვე მეორე წელია რაც ხელს უწყობს ცესკოსა და შსს-ს შორის არჩევნების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მემორანდუმის შემუშავებას და ხელმოწერას. „არჩევნების უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მოხარული ვართ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის შედგა ასეთი ეფექტური თანამშრომლობა და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სამუშაო პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება და არჩევნები ოქტომბერში მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდება“,-განაცხადა ჟერომ ლერომ.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2016 წელსაც გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მხარეებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებები განახორციელეს.
წყარო: ტელეგრაფი