ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში თითო ოჯახს 7 ცალი კიტრის ჩითილი დაურიგეს. ამის შესახებ სტატიას “ბათუმელები” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ სოფელ ლეღვადან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზოგიერთ ოჯახს თითო ჩითილი დააკლეს – 6 ჩითილი შეხვდათ, ხელი კი 7 ცალზე მოაწერინეს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, „კიტრის 7 ჩითილი ოჯახებს კრიზისიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურიგდებათ“.
მაისამდე 150 ათასი ლარის ჩითილი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში უნდა დარიგდეს.
ლეღვას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ჯაბა სტამბოლიშვილი ადასტურებს, რომ ერთ ოჯახს მართლაც 7 ცალი კიტრის ჩითილი მისცეს. ის უარყოფს „ერთი ჩითილის დაკლების ფაქტს“. „7-ზე ნაკლები გამორიცხულია“, – ამბობს ის.
ჯაბა სტამბოლიშვილის თქმით, კიტრის გარდა ელოდებიან პომიდვრის, ბულგარულის და ბადრიჯნის ჩითილებსაც. „კიტრით დავიწყეთ და ველოდებით სხვა ნერგებსაც. გამოყვანილი ჩითილებია და ყველა ოჯახს არ ექნება, ნაადრევად მიიღებენ პროდუქტს“, – ამბობს ის.
ჩითილები „აგროსერვისცენტრს“ გამოჰყავს. როგორც ცენტრის ხელმძღვნელი გოჩა ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ჩითილების წარმოება წელს პირველად დაიწყეს.
„რატომ ვარიგებთ და პანდემიიდან გამომდინარე ბევრი დაბრუნდა სოფელში, ბევრმა სამუშაო დაკარგა და მიწას ამუშავებს, ამიტომ წელს უსასყიდლოდ გადაეცემა მოსახლეობას ჩითილები. სოფლებში გვეუბნებიან, რომ ვერ გამოჰყავთ ჩითილები, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ“.
გოჩა ბერიძე ამბობს, რომ თესლი ძირითადად ჰოლანდიიდან აქვთ შემოტანილი.
„პირველ წელს რა რაოდენობის ნაყოფსაც იძლევა, იმდენს აღარ იძლევა მომდევნო წელს, ამიტომ ყოველწლიურად არის დეფიციტი და პრობლემები. სოფლებში არ იციან ამ პროცესის მართვა, ამიტომ მზა ჩითილის წარმოება და მიწოდება ხდება“, – ამბობს გოჩა ბერიძე.
მოსახლეობა უსასყიდლოდ ჩითილს მხოლოდ წელს მიიღებს, შემდგომ წლებში კი მათ ჩითილს თვითღირებულების გადახდა მოუწევთ. „მოსახლეობა ყიდვასაც უნდა მიეჩვიოს“, – ამბობს გოჩა ბერიძე.
კითხვაზე, – რამდენი ცალი ჩითილი დარიგდება მთლიანობაში? გოჩა ბერიძე ამბობს, რომ დაახლოებით 150 ათასი ლარის. რაოდენობა კი მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. „ზოგი მიიღებს ჩითილს, ზოგმა შეიძლება უარი თქვას. გააჩნია“, – ამბობს ის.
მოსახლეობისთვის დასარიგებელი ჩითილები, როგორც ბერიძე გვეუბნება, ბათუმის მერიის საჩითილე მეურნეობაშია მოყვანილი.
„ჩვენ პირველი რეალიზება თებერვალში გავაკეთეთ და 80 ათასი ცალი ჩითილი გავყიდეთ. მეორე რეალიზება კი ახლა დაიწყო.
წელს ყველას შეუძლია უფასოდ წაიღოს, მათ შორის სასათბურეებიც, რადგან კრიზისია, თუმცა, მომავალ წელს შესყიდვა მოუწევთ“.
გოჩა ბერიძის თქმით, ჩითილები ნახევარმილიონიანი პროგრამის ფარგლებში გამოიყვანეს. პროგრამა ჩითილების გარდა ნერგების გამოყვანასაც ითვალისწინებს.