პროფკავშირების ინფორმაციით, წელს გარდაიცვალა შვიდი და მძიმედ დაშავდა 70 დასაქმებული

426

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა.

„ეს დღე არის ხსოვნის და ამავდროულად, მოქმედების დღე“, – აცხადებენ გაერთიანებაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლებია 28 აპრილს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს და წელსაც უერთდება მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) კამპანიას სლოგანით: “შეაჩერე პანდემია სამუშაო ადგილებზე!”

„სამწუხაროა, რომ საქართველოში ყოველწლიურად ასობით დასაქმებული შავდება სამუშაო ადგილებზე, იძენს პროფესიულ დაავადებებსა და ხშირია გარდაცვალების ფაქტებიც. წელს, COVID 19-ის გავრცელებიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებით აქტუალურია“, – ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, 2019 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვლა 38 და მძიმედ დაშავდა 135 ადამიანი. მიმდინარე წელს კი გარდაიცვალა 7 და მძიმედ დაშავდა 70 დასაქმებული, ეს იმ ფონზე, როდესაც გლობალური პანდემიის პირობებში თვეზე მეტია ეკონომიკის სექტორების უმეტესობა არ მუშაობს.

„ამავე პანდემიის პირობებში, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებული გამოწვევები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიწოდებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან: ჯანდაცვისა და კვების პროდუქტების მაღაზიებში დასაქმებულები, პოლიციის თანამშრომლები, სოციალური მუშაკები და ა.შ. კიდევ უფრო დიდია. მიუხედავად ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სფეროში გატარებული არაერთი პოზიტიური რეფორმისა, კვლავ რჩება არაერთი პრობლემური საკითხი, რის გამოც სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გადარცვლილთა სტატისტიკა კვლავ მაღალია. საქართველოში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა მაჩვენებელი 3.1-ჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში არ ხვდება პროფესიული დაავადებები და უამრავი შემთხვევა, რომელიც დამსაქმებლის ძალისხმევის შედეგად არ ხმაურდება და შესაბამისად, ზედამხედველი ორგანოსთვის უცნობი რჩება,“- ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

გაერთიანებაში, ასევე, აღნიშნეს, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატის გავრცელება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე. მათი თქმით, ის საერთოდ არ ეხება შრომით უფლებებს, მაშინ, როდესაც ამ ორ კატეგორიას შორის ზღვარი და მიჯნა რეალურად არ არსებობს. როგორც პროფკავშირთა გაერთანებაში განმარტავენ, საწარმოო შემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ დასაქმებულთა ფიზიკური გადაღლილობიდან გამომდინარეობს, რაც მათი ისეთი შრომითი უფლებების უგულებელყოფითაა განპირობებული როგორიცაა: შვებულებით სარგებლობაზე უარი, ზეგანაკვეთური მუშაობა, ე.წ. ბიულეტენით ვერ სარგებლობა და სხვა.

ამასთან, გაერთიანების ინფორმაციით, ზედამხედველი ორგანოს ეფექტურობას ამცირებს შრომის ინსპექტორთა არასაკმარისი ოდენობა და რეგიონალური დაფარვის არქონა.

„საწარმოო ტრავმატიზმთან და სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმის წარმოება, სისხლისა და სამოქალაქო საქმეებზე, დროში გაჭიანურებული და ხშირად არაფექტიანი პროცესია. შემაშფოთებელია, ამ საკითხზე არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკაც, რა დროსაც, ხშირად არ იკვეთება დამსაქმებლის ბრალეულობა და უმეტესად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რიგით თანაამშრომელს ეკისრება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ცალსახად ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში გადაწყვეტას, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეს ვალდებულება არ სრულდება სამმხრივი კომისიის უმოქმედობის გამო. აუცილებელია, ზემოაღნიშნული მდგომარეობის გაანალიზება და მხედველობაში მიღება იმისთვის, რომ შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმი ეფექტური იყოს და შემცირდეს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საგანგაშო სტატისტიკა.

შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მოვითხოვთ: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გაძლიერდეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი იმგვარად, რომ მან უსაფრთხოებასთან ერთად მოიცვას შრომის უფლებებზე ზედამხედველობაც; მოხდეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის სათანადო საკადრო რესურსით აღჭურვა და ინსტიტუციური გაძლიერება;

დაჩქარდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #81, #155, #176 კონვენციების რატიფიცირება, რომელიც ადგენს შრომის უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობა; მოხდეს პროფესიული დაავადებების აღრიცხვა; შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდეს სოციალური დიალოგის გზით; განხორციელდეს დაჩქარებული და ეფექტიანი სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოება საწარმოო ტრავმატიზმისა და გარდაცვალების ფაქტებზე; საწარმოო ტრავმატიზმისა და გარდაცვალების ფაქტებზე განხორციელდეს სრულყოფილი გამოძიება, გამოვლინდეს და დაისაჯოს რეალურად პასუხისმგებელი ბრალეული პირები“, – ნათქვამია პროფკავშრების გაერთიანების განცხადებაში.