თბილისის მერს კახი კალაძეს უჭირს დაზუსტებით თქმა, დასრულდება თუ არა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მაისში, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი. ასე პასუხსობს ის bm.ge-ს შესაბამის შეკითხვას.
“ისეთი ტემპი ვერ არის საშენებლო ობიექტებზე, როგორიც იყო აქამდე. იცით, რომ მთელი ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაში იმყოფება და გარკვეული შეზღუდვები და პრობლემები ჩვენს კონტრაქტორებსაც ექმნებათ, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, არ გაჩერდეს სამუშაოები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – აცხადებს კალაძე.
ამჟამად ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს.
მეოთხე ეტაპის სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული საგზაო მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები და გაზსადენი, ამის შემდეგ კი, ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგება. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში, 2.5 კილომეტრს მოიცავს.
24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.