კალაძე: დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დამატებითი „ცენტრ პოინტები“ და „სვეტი“ არ მივიღოთ

316

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დამატებითი „ცენტრ პოინტები“ და დამატებითი „სვეტი“ არ მივიღოთ , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამშანებლო კომპანიების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.

„სვეტის“ პროექტებს არანაირი პრობლემა არ ექნება, ეს პროექტები ჩვეულებრივ როგორც მიმდინარეობს, ისევე გაგრძელდება მომავალში და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ასევე პარალელურად ვმუშაობთ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულების პრობლემის მოგვარებისთვის და ასევე „ოლიმპიური ვარსკვლავის“ და სხვა მშენებლობებისთვის, რომელიც გაჩერებულია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ დაზარალებულ ოჯახებს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დამატებითი „ცენტრ პოინტები“ და დამატებითი „სვეტი“ არ მივიღოთ“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ ზოგადად სამშანებლო სექტორის მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო, ამ მიმართულებასაც გარკვეული პრობლემები შეექმნება.

„რა თქმა უნდა, პრობლემა ექნება სამშენებლო სექტორსაც. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამშენებლო სექტორს ათიათასობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული და საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. ყველა დააზარალა არსებულმა მდგომარეობამ და სამშენებლო სექტორიც ვერ იქნება გამონაკლისი. სამშენებლო სექტორთან შეხვედრის ძირითადი საუბრის თემა ეხებოდა ბანკების ჩართულობას, რომ ბანკებმა იპოთეკების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადონ სამშენებლო სექტორს. ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერის ხელმძღვანელობით, სადაც ბანკები და ეროვნული ბანკიც მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა კალაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.