თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი დარგის სპეციალისტები მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების რეკომენდაციას მისცემენ, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარებაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო ეტაპები შეზღუდვების მოხსნის, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ჩვენ ბრძოლა არ დაგვისრულებია. ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვება, მაშინვე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა წარადგინა, შეზღუდვების მოხსნის პირველი დღეს, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. წარმოდგენილ გეგმაში ნახსენები არ არის, როდის დაიწყებს მუშაობას მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.