ავტორი: ეკატერინე ბასილაია
“რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ადამიანები მანქანებიდან უნდა ჩამოვიდნენ, ადამიანები მანქანებიდან არ ჩამოვლენ, სანამ არ იქნება კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც იმაზე იაფი, სწრაფი და კომფორტული იქნება, ვიდრე ჩემი საკუთარი მანქანის გამოყენება. ეს ძალიან მარტივია. ამ სქემით მიდის მთელი მსოფლიო. ჩვენ რა სქემით მივდივართ, არ ვიცი. ვამბობთ, რომ უნდა გადავაგდოთ მანქანა, მაგრამ “უნდა” არ მუშაობს”, – ამის შესახებ გარემოსდამცველი, ასოციაციის “მწვანე ალტერნატივა” თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე აცხადებს და პასუხობს თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, რომ შაბათ-კვირას კერძო ტრანსპორტით გადაადგილება საერთოდ აიკრძალოს. დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული იდეა თბილისში საგანგებო მდგომარეობის დროს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლების შემდეგ გაჩნდა.
გარემოსცამველი მანანა ქოჩლაძე droa.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისის მერის ინიციატივა აზრს მოკლებულია და გადაწყვეტილების მიმღები პირები აკრძალვით კი არ უნდა ცდილობდნენ პრობლემის გადაჭრას, არამედ ახალი, გამართული, იაფი, სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნით, ველობილიკებისა და პარკირების სისტემის მოწესრიგებით.
– ქალბატონო მანანა, როგორ აფასებთ თბილისის მერის ინიციატივას, რომ შაბათ-კვირას კერძო ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალოს? რას მოიტანს ეს?
– ეს ინიციატივა აზრს მოკლებულია. მთავარი პრობლემაა, რომ, ჰაერის ხარისხის შენარჩუნების თვალსაზრისით, არ ვიცით, ეს აკრძალვა რამდენად შედეგის მომტანი იქნება. ქალაქში შაბათ-კვირას ისედაც მცირდებოდა ხოლმე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თანაც, ეს აკრძალვა მოსახლეობაში ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ასეთი ბლანკეტური აკრძალვები, სამწუხაროდ, არ და ვერ მუშაობს.
ჩვენ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის დროს რამდენჯერმე გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, თუმცა, ამან არ იმუშავა და მერე დაივიწყეს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი იდეები – მოდი, რაღაცას გადავკეტავ, რაღაცას არ დავუშვებ – ეს უფრო გათვლილია პიარზე და არა – ადამიანსა და გარემოზე.
ჩვენ ახლა საგანგებო მდგომარეობაში ვართ და იმიტომ გვაქვს აკრძალული რაღაც ტიპის გადაადგილებები და, თუ ახლა სამხედრო დიქტატურას დავამყარებთ, შემიძლია, გითხრათ, რომ გარემოც კარგად იქნება, “კოვიდიც” აღარ იქნება და ყველაფერი “კარგად” იქნება. ამიტომ, თვითონ მიდგომა, რაღაც ავკრძალოთ, ეს არ უნდა მოეწონოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ეს მიდგომა შესაცვლელია.
რაღაცის აკრძალვა ყველაზე იოლად შესასრულებელია. გამოსცემენ ბრძანებას და ჩემნაირი და თქვენნაირი ადამიანები დარჩებიან სახლში, თუმცა, გამოჩნდება უამრავი ადამიანი, ვისაც ექნება რაღაც ტიპის საშვი და ვერანაირად ვერ დავრწმუნდებით, რატომ დგანან ეს მოქალაქეები ჩვენზე მაღლა?! დღესაც ვხედავთ დაახლოებით მსგავს სიტუაციას და ესეც პრობლემაა.
იმის ნაცვლად, ვიფიქროთ, როგორ შევინარჩუნოთ სიტუაცია, ჩვენ კიდევ უფრო ვზრდით რაღაც უთანასწორობის განცდას, ყველაფერ იმასთან ერთად, რომ, სინამდვილეში, არც ვიცით, რას მოგვცემს ეს ერთდღიანი თუ ორდღიანი ლოკდაუნები. იმიტომ, რომ ეს არავის დაუთვლია. მხოლოდ ითქვა: რა კარგია სუფთა ჰაერი და მოდით, შაბათ-კვირას მაინც ავკრძალოთ კერძო ავტომანქანებით გადაადგილება, რადგან დანარჩენ დღეებში ვერ ავკრძალავთ, იმიტომ, რომ ხალხმა უნდა იმუშაოს. ლოგიკა, დაახლოებით, ასეთია. ასეთი ლოგიკა რეალურ ცხოვრებაში არ მუშაობს.
– მაშინ ჩნდება კითხვა, რა უნდა გაკეთდეს?
– თუ ლაპარაკია იმაზე, რა უნდა ქნან, გეგმაა შესამუშავებელი და ეს გეგმა ბევრად უფრო რთული შესამუშავებელია ახლა, ვიდრე იყო “კოვიდამდე”, იმიტომ, რომ სანამ “კოვიდი” აქტიურია და შიდა გადაცემების რისკები არსებობს, ალბათ, ექიმების რჩევაც იქნება და მოსახლეობის უმეტესობაც ასე თვლის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ უნდა ისარგებლონ. განსაკუთრებით, ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როგორიც ჩვენთანაა – გადაჭედილი და გადატვირთული.
“კოვიდმა” სხვა მიმართულება გამოაჩინა. ამ დღეებში ვნახეთ, რამდენი ველოსიპედისტი გამოჩნდა ქალაქის ქუჩებში და უცებ დაინგრა ის მითი, რომ ქალაქში ველოსიპედებით გადაადგილება არ შეიძლება. სწორედ ამ მიმართულების განვითარება უნდა მოხდეს. ისეთ ქალაქებშიც კი, მაგალითად, ბერლინში, რომელიც ველობილიკების რაოდენობას არ უჩივის, იქაც კი ამ გზით წავიდნენ და გადაწყვიტეს, უფრო მეტი სივრცე დაუთმონ ველოსიპედისტებს. ის, რომ თბილისში, სადღაც პეკინზე, გვაქვს ერთი ზოლი და ახლა ჭავჭავაძეზე გვექნება მეორე ველოზოლი, ეს გამოსავალი არ არის. უფრო მეტი სივრცე უნდა დაეთმოს ველოსიპედისტებს და ქვეითებს. ფეხით მოსიარულეები, რატომღაც, ყოველთვის ყველას ავიწყდება.
გარდა ამისა, თუ აკრძალვებზე ვლაპარაკობთ და გვინდა, ნაკადები შემცირდეს, იმ უბნებში, სადაც ყველაზე დიდი დაბინძურების წერტილებია, სხვა სპეციფიკური ღონისძიებები უნდა გატარდეს. მათ შორის, პარკირებების რეგულირება, ფასების ზრდა პარკირებებზე, რაც გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები ნაკლებად მივლენ მანქანით, თუმცა, მეორე მხრივ, იმ ხალხს, ვისაც მანქანით გადაადგილება სჭირდება, პრობლემა არ შეექმნებათ.
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც შაბათ-კვირას გადაადგილების პრობლემას ქმნის, ისაა, რომ თბილისში მცხოვრები ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი დამოკიდებულია იმ შემოსავალზე, რასაც ისინი შინამეურნეობებიდან იღებენ და ეს მეურნეობები, რასაკვირველია, თბილისში არ არის. ამიტომ ჩვენ ამ ადამიანებსაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვაყენებთ, იმიტომ, რომ შაბათ-კვირას გადაადგილება აკრძალული იქნება.
– თუ იცით, რა გეგმები აქვთ მსოფლიოს დიდ ქალაქებს პოსტკორონულ პერიოდში კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით?
– გეგმების დასახვა დაიწყეს. ბერლინზე გითხარით, რომ პირველივე ინიციატივა იყო ველოსიპედისტებისთვის სივრცის გაზრდა. ბერლინისგან განსხვავებით, მილანი არასდროს იყო ველოსიპედებთან მეგობრული, თბილისისნაირი ტიპის ქალაქია და მილანმა დადო გეგმა, სადაც წელიწადნახევარში ის უნდა გადაიქცეს ფეხით მოსიარულეებისთვის და ველოსიპედისტებისთვის მეგობრულ ქალაქად და უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოდენობა.
ესპანეთში, იგივე ბარსელონასა და სხვა ქალაქების მერებს აქვთ ერთობლივი 4-კომპონენტიანი ინიციატივა, ჰაერის ხარისხის შენარჩუნებაზეა მიმართული და მთავრობისგან ითხოვენ, რომ სტიმულირების პაკეტებში პრიორიტეტი მიენიჭოს ურბანული მოსახლეობისთვის საზოგადო სერვისების მიწოდებას. ამ საზოგადო სერვისებში მოიაზრებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ველობილკებს. გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჰაერის დაბინძურების ისეთი წყარო, როგორიცაა ნარჩენები და ესპანელი მერების მიმართვაში ნახსენებია ამ ნარჩენების მართვის გაუმჯობესება და გამწვანება.
გარდა ამისა, იგივე ტურისტული ქალაქის მერებმა ტურიზმის სექტორის დარეგულირებაზე დაიწყეს ფიქრი, რადგან ტურიზმის გაზრდა ზრდის ტრეფიკთან დაკავშირებულ პრობლემებს, ჰაერის დაბინძურებასთან და ზოგადად, გარემოზე ზემოქმედების პრობლემებს.
ბევრი ინიციატივაა. რაზეც მე გესაუბრებით, ეს არის ევროკავშირის 40 ქალაქის გაერთიანება. ასევე, “კლიმატის ცვლილების შესახებ” მერების შეთანხმებაშიც, სადაც საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტია შეერთებული, მთელი რიგი ახალი ინიციატივებია, თუმცა, ჩვენთან ასე ცალ-ცალკე ხდება განხილვა – ცალკე ტრანსპორტის და ცალკე – სხვა ყველაფერს. მაგალითისთვის, შემიძლია, გითხრათ, რომ 2017 წელს თბილისმა მიიღო “მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა”, რომელიც დონორისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის (EBRD) იყო მომზადებული. უნდა ყოფილიყო ინტეგრირებული გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი განავითარებდა არა მარტო ტრანსპორტს, არამედ ნარჩენების მართვას, ენერგოეფექტურობას და ა.შ. ამ სტრატეგიიდან რაღაცებს კი, ასრულებენ, იგივე ტაქსების რეგულირება მოხდა, თუმცაღა, ეს თეთრი ფერის ტაქსები “მწვანე ქალაქში” გაწერილი არ იყო. იგივე “მწვანე ქალაქში” წერია, რომ 2025 წლისთვის ქალაქში არ უნდა იყოს არც ერთი დამაბინძურებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაშინ, როცა შარშან შევიძინეთ დიზელის ავტობუსები. ძალიან ბევრი ასეთი შეუსაბამო მომენტია, რომელზეც, სამწუხაროდ, უფრო მეტი მუშაობა და რაც მთავარია, უფრო მეტი გახსნილობაა საჭირო.
– ხელისუფლება აცხადებს, რომ ადამიანები მანქანებიდან უნდა ჩამოვიდნენ და როგორ უნდა მოხდეს ეს?
– რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ადამიანები მანქანებიდან უნდა ჩამოვიდნენ, ადამიანები მანქანებიდან არ ჩამოვლენ, სანამ არ იქნება კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც იმაზე იაფი, სწრაფი და კომფორტული იქნება, ვიდრე ჩემი საკუთარი მანქანის გამოყენება. ეს ძალიან მარტივია. ამ სქემით მიდის მთელი მსოფლიო. ჩვენ რა სქემით მივდივართ, არ ვიცი. ვამბობთ, რომ უნდა გადავაგდოთ მანქანა, მაგრამ “უნდა” არ მუშაობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გამწვანება, – ამას აკეთებს იგივე ფრანკფურტი და მე რომ მკითხოთ, ქალაქის განვითარებისთვის ეს უფრო მისაღები გზაა, როცა ცდილობენ ნაკლები ტრანსპორტი იყოს ქალაქში, მაგრამ არა ასე ბლანკეტური აკრძალვით.
აცხადებენ, რომ შაბათ-კვირას აიკრძალოს გადაადგილება, იმიტომ, რომ ჰაერი გაიწმინდოს, ამ დროს თავად ყიდულობენ, მაგალითად, დიზელისძრავიან საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ან დადიან ჯიპებით.
დარწმუნებული ვარ, ქალაქში ჰაერის დაბინძურება მკვეთრად შემცირების მიმართულებით წინ წაგდებული ნაბიჯი იქნება, თუ გადაიხედება, ვინ სარგებლობს სამსახურეობრივი მანქანებით.
პრინციპში, მარტო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში თუ გამიგია, რომ მერიის თანამშრომლები, მინისტრები, მოადგილეები და ა.შ. ჩინოსნები სარგებლობენ სახელმწიფო ავტომობილებით. ევროკავშირის ქვეყნებში მინისტრებიც და მინისტრების მოადგილეებიც ფეხით დადიან და ჯერჯერობით, არაფერი დამართნიათ.
– თავად თქვენ რა ინიციატივა გექნებოდათ დედაქალაქის ხელისუფლებისადმი?
– სამწუხაროდ, არ მაქვს ხოლმე ასე მზა რეცეპტები, მაგრამ მოვუწოდებდი, მუშაობა დაგვეწყო გეგმაზე, თუნდაც “მწვანე ქალაქის გეგმა” აგვეღო საფუძვლად და “კოვიდის” გამოწვევებთან მიმართებით დაგვეწყო საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება გაიზარდოს ქვეითებისთვის და ველოსიპედისტებისთვის სივრცე. გარდა ამისა, განხორციელდეს იგივე პარკირების მთელი რიგი ღონისძიებები ქალაქში და განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს უნდა იყოს ერთიანი გეგმა. სატრანსპორტო განვითარების გეგმაც უნდა ვნახოთ. დღეს რაღაც ხდება ჭავჭავაძეზე და არავინ იცის, რა ხდება, როგორ იქნება. როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი, ამას თითო-ოროლა სტატიით გვიხსნიან. ეს არ არის განვითარება. თან, ამ გეგმას უნდა ჩაუტარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომ ვიცოდეთ, რა სიკეთეს მოგვიტანს ამ კონკრეტული გეგმის განხორციელება, იმისთვის, რომ ვთქვათ, ღირს, თუ არ ღირს.