საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგება–წყალარინების მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები პრემიერმინისტრის მეთაურობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეუფერხებლად გრძელდება.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ჭიათურაში ჩავიდა, სადაც წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მოადგილესთან, ირაკლი ნაფეტვარიძესთან და ჭიათურის მერთან, გივი მოდებაძესთან ერთად გაეცნო.
„ყველა ის პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო და წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, მოსახლეობისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. დაწყებული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს, ობიექტებზე სრულად არის დაცული ის რეკომენდაციები, რომლებიც პრემიერმინისტრის მეთაურობით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს. მუდმივად ვხვდებით კონტრაქტორ კომპანიებს, რათა მოვისმინოთ მათი პრობლემები, თუ სჭირდებათ მხარდაჭერა სახელმწიფოს ან კომპანიის მხრიდან, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ მათ შეუფერხებელ საქმიანობას. ჭიათურაში სამუშაოების 90% დავასრულეთ და შედეგად, მოსახლეობის დიდი ნაწილი,70 % უკვე სარგებლობს უწყვეტი წყალმომარაგებით. სამუშაოებს ვაგრძელებთ შეუფერხებლად იმისათვის, რომ მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა მოხდეს. მშენებლობას მიმდინარე წლის ზაფხულში დავასრულებთ”, – განაცხადა გიგა მანდარიამ.
„ჭიათურაში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში, წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში აშენდა საქლორატორო სადგური და რეზერვუარი. მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, ჭაბურღილები და გამანაწილებელი ქსელი. რეაბილიტირდა არსებული სატუმბო სადგურები და რეზერვუარები. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით 37 მილიონ ლარამდე ხმარდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.