შალამბერიძე: 10 დღეში ქუთაისში შესვლისა და ქალაქიდან გასვლის შეზღუდვა მოიხსნება

744

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რეგიონში სასაფლაოებზე დაწესებული 10 დღიანი შეზღუდვის გაგრძელება საჭირო აღარ იქნება, მისივე თქმით, 10 დღეში ქუთაისში შესვლისა და ქალაქიდან გასვლის შეზღუდვებიც მოიხსნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„სასაფლაოებზე ძალიან მშვიდი ვითარებაა. გუშინ იყო რამდნეიმე მსუბუქი შემთხვევა, მაგრამ სასაფლაოებზე მოსახლეობა მასიურად არ გავიდა არც გუშინ და არც დღეს. წესებს იცავენ და არ გვიწევს ვინმეს დაჯარიმება. ჩვენ ვმოქმედებთ არსებული სიტუაციის შესაბამისად, ამიტომ ვფიქრობ, 10 დღიანი ვადის გაგრძელელება არ დაგვჭირდება. 10 დღეში ქალაქის ჩაკეტვაც იხსნება და ხალხის რაოდენობა შემცირდება. მოსახლეობას საბოლოოდ ვერ ავუკრძალავთ, რომ სასაფლაოებზე გავიდნენ, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, ყველა ერთად არ გასულიყო ორშაბათს. 10 დღის შემდეგ ამ შეზღუდვის გაგრძელების საჭიროება აღარ იქნება და ხალხი მივა თავისი მიცვალებულების სასაფლაოებზე“, – განაცხადა შალამბერიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოქალაქეები კომენდანტის საათისა და გადაადგილების პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.

„ჯარიმები იყო, მაგრამ არა სასაფლაოზე. დაჯარიმდნენ მოქალაქეები კომენდარტის საათის დარღვევისა და გადაადგილების პირობების დარღვევის გამო. რაოდენობივრად, თუ არ ვცდები, გასული დღე ღამის განმავლობაში ზოგადად იმერეთში 10-მდე ჯარიმა დაიწერა “, – განაცხადა შალამბერიძემ.

ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არის როგორც სურსათის, ასევე მედიკამენტების მარაგები და მუდმივად ხდება სასურსათო მაღაზიარებისა და აფთიაქების მომარაგება.

„პროდუქტის შემოტანა ქვეყანაში და მათ შორის იმერეთის რეგიონშიც არ არის შეზღუდული. შიდა და საერთაშორისო გადაზიდვები ჩვეულებრივად მიმდინარეობს. არც დისტრიბუციას შექმნია პრობლემა“, – განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსით რეგიონში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობას, როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, მესამე დღეა, რაც იმერეთში ინფიცირებულების რაოდენობის მატება არ არის.

„გუშინაც 26 ტესტი იყო გაკეთებული და არცერთი არ არის დადებითი covid-19-ზე. შესაბამისად, გვყავს მხოლოდ 26 ინფიცირებული ადამიანი, რომლებიც მკურნალობას განაგრძობენ“, – განაცხადა შალამბერიძემ

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.  ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 399 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 93 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.