ახალი რეკომენდაციების შესაბამისად, როგორც მთელ საქართველოში, ასევე იმერეთშიც 21 აპრილის ჩათვლით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად აიკრძალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად კატეგორიას სასურსათო პაკეტები ადგილზე მიუტანონ, ასევე დაემხარონ მათ საჭიროებებიდან გამომდინარე.
სახელმწიფო რწმუნებულის რეკომენდაციის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა დღეს, მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილთან და საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელ ბადრი ბუცხრიკიძესთან ერთად, ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატის 64 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი გადასცა. ხელმძღვანელი პირები პანსიონატის დირექტორს გაესაუბრნენ, ბენეფიციარების ყოფითი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ასევე მათ ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდეს. თერჯოლაში საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის სურსათის დარიგება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით, მერიის მიერ გამოყოფილი და შემოწირულობებიდან დაფინანსებული ქველმოქმედების შედეგად, სასურსათო ამანათები უკვე 1000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პროდუქტები ადგილზე მიაქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და მოხალისეებს, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.
აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსხური ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 79 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.