ოკუპირებულ გალში ბაზრის მოვაჭრეებს წინასააღდომოდ მუშაობის განახლების უფლება მისცეს

593

ოკუპირებული გალის ბაზარი წინასააღდგომოდ გაიხსნა. მოვაჭრეებს ნება დართეს, დღესასწაულის წინა დღეებში საკუთარი პროდუქცია გაყიდონ. ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ომარ ბგანბას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბმა გადაწყვიტა, რომ შაბათის ჩათვლით, ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ივაჭრონ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

თუმცა, მან არ იცის, იმუშავებს თუ არა გალის ბაზარი აღდგომის შემდეგ. აფხაზური მედიის ცნობით, ამ საკითხს უკვე არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გადაწყვეტს ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 23 აპრილს გაიმართება.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ დღეს გუდაუთის ბაზარი უნდა გახსნას. დანარჩენ რაიონებში ბაზრების გახსნა ჯერ არ იგეგმება.

სოხუმის ინფორმაციით, ამ როისთვის აფხაზეთში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა.

თუმცა, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს საბერიოდან გადმოყვანილი ქალი. მისთვის ანალიზის აღება მესამედ გახდა საჭირო, რადგან განმეორებითმა ტესტმა ვირუსზე სუსტად დადებითი უჩვენა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება.  ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი    გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 79 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.