ოზურგეთის მერია კორუფციულ გარიგებაზე ბრალდებას პასუხობს: ყველაფერი კანონმდებლობის დაცვით გაკეთდა

538

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ბესო ქათამაძე ოზურგეთის მერიას სოციალურად დაუცველთათვის პროდუქტების შესყიდვის გამო,  კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს. 

ბესო ქათამაძე თავის “ფეისბუკგვერდზე” წერს: “ამ დროს და ასეთ  ვითარებაშიც, რომ ფულის გაკეთებაზე ფიქრობენ, ძალიან სირცხვილია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, გაორმაგებულ ფასებში,  ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეისყიდა, რა დროსაც 10 000 ლარზე მეტით ზედმეტი გადაიხადა, არსებულ ფასებთან შედარებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო რას ფიქრობთ თქვან, ჩვენი მოყვანილია გადმოგვაბრალებთ და ბრიფინგზე დაგმობთ”.

„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა და აღნიშნულის თაობაზე ჰკითხა. კერძოდ, შეესაბამება თუ არა ქათამაძის განცხადება სინამდვილეს.

“მოგახსენებთ, რომ მერიაში არსებობს  შესყიდვების სამსახური, რომლის მიერ კანონმდებლობის სრული დაცვით არის ყველაფერი გაკეთებული. ჩვენ უფრო ადრეც გვინდოდა  პროდუქტების შესყიდვა, აღნიშნულმა სამსახურმა ჩაატარა ფასების მოკვლევა. იმ პერიოდისთვის, კარგად იცით, ასე ვთქვათ, როგორ თამაშობდა ფასები. სწორედ ამ  ფასის ცვლილების გამო,  ვერავინ გვითხრა  თანხმობა. ბოლოს, როგორც მოხდა შეთანხმება კონკრეტულ პირთან, ვიმეორებ, კანონმდებლობის სრული დაცვით, ისე მოხდა შესყიდვა,”- ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე.

შეკითხვაზე, ქათამაძე რატომ წერს, რომ ათი ათასი ლარით ზედმეტი გადაიხადეთ? სირაზე პასუხობს: “ვიმეორებ, ყველაფერი კანონმდებლობის სრული დაცვით გაკეთდა. ფასებიც შეთანხმდა. მე რა ვიცი, რატომ წერს”.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება.  ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 79 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.