დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოსი სრული კარანტინის გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
“სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. იმსჯელებს ამაზე საკოორდინაციო საბჭო. ჩემი რეკომენდაციები მე დღეს გავაჟღერე საბჭოზე და იქნება ეს რეკომენდაციებიც, მივალთ ჩვენ მაქამდე, რამდენიმე ნაბიჯი გვკლია”, – თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში შიდა გადაცემათა შემთხვევები მომატებულია. მისივე ინფორმაციით, საქართველოში, დაახლოებით, 14-15 კლასტერია.
“ძალიან დიდია უკვე ქობულეთის კლასტერი. დიდია ბოლნისის კლასტერი, დიდი იყო ეროვნული ბანკის კლასტერი. მე ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშავო, მაგრამ თქვენ დარჩით სახლში”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით 16 სამედიცინო მუშაკია ინფიცირებული. მისივე თქმით, ერთ-ერთი კრიტიკულად აუცილებელი კლინიკიდანაა.
“ჩვენც, ექიმებიც, საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები ვართ. იტალიაში 10 000 ექიმი დაინფიცირდა, ჩინეთში 5 000. იტალიაში ბოლო მონაცემებით 60 ექიმი იყო გარდაცვლილი […] ეს ადამიანები რომ ინფიცირდებიან, ვეღარ მუშაობენ 3-4 კვირა. ეს კადრი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მხედველობაში მაქვს ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციის ექიმები, ისინი თუ ჩაგვიწვნენ, ვინ უნდა მოუაროს ამ ხალხს, გამაგებინეთ”, – თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
ის ამბობს, რომ რაც უფრო ნაკლები ინფექციის გამავრცელებელი იქნება ქვეყანაში, მით უფრო ძლიერი იქნება ჯანდაცვის სისტემა და ადვილად მოუვლის ინფიცირებულ პაციენტებს.
გამყრელიძემ საზოგადოებას მოუწოდა, არ წავიდნენ ეკლესიებში, ილოცონ სახლში და არ გავიდნენ სასაფლაოებზეც.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.