პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო ოთხი დღე გადამწყვეტი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტია მომდევნო 4 დღე. არ გამოჩნდება მეორე და მესამე დღეს, ინფექციის სიმპტომები ჩნდება მე-4, მე-5 დღეს. არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები, ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სცენიდან.
ძალიან მიჭირს ამის თქმა, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი, იმიტომ რომ, მეტი ქართველი გადარჩება. გთხოვთ ამას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ცნობისათვის, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის რამდენიმედღიანი მოლაპარაკების მიუხედავად, აღდგომის დღეს ეკლესიებში მრევლის თანდასწრებით წირვა-ლოცვა მაინც ჩატარდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ, 15 აპრილს პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხად, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა, მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. კერძოდ, მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.