თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, ქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღიდან საკვები პროდუქტების პაკეტი რეგისტრირებული აღსაზრდელების 89%-ზე გაიცა.
მათი ინფორმაციით, მსოფლიო პანდემიის გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესის პირობებში, ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს ორ კვირაში ერთხელ 10-12 სახეობის პროდუქტისგან დაფასოებული ნობათი ურიგდებათ. პირველ ეტაპზე, პროდუქტების გატანის სურვილი 85%-მა, ხოლო მეორე ეტაპზე 89%-მა გამოთქვა.
„დავასრულეთ პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი. გაიცა 53 678 პაკეტი. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე პროდუქტის მიღების მსურველ მშობელთა რაოდენობა 4%-ით გაიზარდა. პროცესი საკმაოდ შრომატევადია ბაღების პერსონალისთვის, რადგან პროდუქტების გაცემის ყოველი დღე დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებულ მთელ რიგ ღონისძიებებთან. მათ შორისაა, შენობისა და გასაცემი სივრცის სრული დეზინფექცია, პროცესის დოკუმენტური აღრიცხვა, პროდუქტის ხარისხის კონტროლი, პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ა.შ.“, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
მან ბაღების თანამშრომლებს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში უწევთ მუშაობა, მადლობა გადაუხადა.
თბილისის მერიის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 19 მარტს დაიწყო. სოციალური პროექტის ფარგლებში, კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გარკვეული ნაწილი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემა. პროექტის თითოეული ეტაპის ღირებულება 1 800 000 ლარია.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.