თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება. როგორც კალაძემ „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვისას განმარტა, ამ თვალსაზრისით მოსახლეობას არავითარი პრობლემა არ შეექმნება.
„გუშინ დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის თაობაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა დედაქალაქის მერიაში, განსაკუთრებით კიკეთში მცხოვრები ადამიანების მხრიდან, რადგან კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი იყო სპეციალური საგუშაგო, სადაც პოლიცია და ჯარია განთავსებული და კიკეთი თბილისის მიღმა რჩებოდა.
შესაბამისად, ჩვენ არსებული დგომარეობა გავითვალისწინეთ და ეს საგუშაგო გადაიწევს კიკეთში ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ან ისინი, ვინც ყოველდღიურად ადის-ჩამოდის და იქ იმყოფება, ამ მიმართულებით არავითარი პრობლემა არ შექმნებათ“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.