თავდაცვის ძალებმა საკონტროლო პუნქტებზე თერმოსკრინინგი 962 955 მოქალაქეს ჩაუტარეს

474

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით საკონტროლო გამშვები პუნქტების მუშაობაში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარით 487 930 ავტომანქანა დაამუშავეს, ხოლო თერმოსკრინინგი 962 955 ადამიანს ჩაუტარეს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 75 საკონტროლო პუნქტია შექმნილი, რომლებსაც თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად აკონტროლებს. უკვე რამდენიმე დღეა მკაცრად კონტროლდება ქობულეთის საკარანტინო ზონაც, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის II ქვეითი ბრიგადის სამხედროები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან.

საკარანტინო შეზღუდვებიდან გამომდინარე დასახლებულ პუნქტებში მხოლოდ სამედიცინო, სასურსათო და საბანკო დანიშნულების მანქანების გადაადგილება ხდება. აკრძალულია ადგილობრივი მოსახლეობის შესვლა და გამოსვლა. საგუშაგოებზე ავტომანქანების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება, აღრიცხვა და მოქალაქეების თერმოსკრინინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარასა და ლეღვაში 22-ე ბატალიონი და შსს-ს ძალები გადაადგილების შეზღუდვის ორ ძირითად პუნქტზე არიან მობილიზებული, ხოლო შემოვლითი გზების ბლოკირებას გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე უზრუნველყოფენ. ამოცანის შესასრულებლად გასვლამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება.

სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება მათი ეკიპირება და აღჭურვილობაც. საგუშაგოებზე მორიგეობის დასრულების შემდეგ კი, ბატალიონის მეთაური ხელმძღვანელობას ვიდეოკონფერენციის საშუალებით ყოველდღე აწვდის დეტალურ ინფორმაციას დეკონტამინირებული ავტომანქანებისა და იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.