იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მცხოვრებ ორ ადამიანს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა და ისინი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმი აცხადებს, იმერეთის რეგიონში საერთო ჯამში 22 ინფიცირებული პაციენტია, 3 კი – გამოჯანმრთელებული.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კოვიდ-19 კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა და ისინი უკვე ინფექციურში გადავიყვანეთ. პირველი ინფიცირებულის შემთხვევაში პირველწყარო ნაპოვნი არ გვქონდა და ამ ორი შემთხვევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვადგავართ პირველწყაროს მოკვლევის საკითხს. თერჯოლაში კიდევ, ხელმეორედ მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, მოკვლევა და სიტუაციის გამოძიება. გვყავს უკვე პირდაპირი კონტაქტები, რომლებზეც უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ასეთი არის რვა ადამიანი. მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ზომების გამკაცრება არ იგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა კონტაქტი ვიცით და გეგმაზომიერად ვმოქმედებთ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
რაც შეეხება ვანის მუნიციპალიტეტს, შალამბერიძის თქმით, ვანში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო, რომელიც გადაამოწმეს და არც ერთ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„ვანის მუნიციპალიტეტში დღეს ვასრულებთ თერმოსკრინინგს. რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო, რომელიც გადავამოწმეთ და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ჯამში, გუშინდელი მონაცემებით, 21 000 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვანში ახალი შემთხვევები არ გვაქვს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც თავიდან იყო დადასტურებული“,-აღნიშნა შალამბერიძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.