კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი გრძელდება

707

სამშენებლო ობიექტებზე, კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები გაეცნენ, მონიტორინგის მიზნით, ხაშურის შემოვლითი გზის და რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევისხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის პროცესს.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია, რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მთავრობის რამდენიმე დადგენილებებით განსაზღვრულია იმ კომპანების სია, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობა არ ეზღუდებათ. 6 აპრილიდან კი მთავრობამ ამ  საწარმოების შემოწმება დაიწყო, თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა,  ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.