თავდაცვის ძალების II ბრიგადა ქობულეთში საკარანტინო რეჟიმს სამართალდამცავებთან ერთად უზრუნველყოფს

477

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები დაემატა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს II ქვეითი ბრიგადა, შსს-ს ძალებთან ერთად, უკვე მეორე დღეა აკონტროლებს.

22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარასა და ლეღვაში – დილიდან მოაწყო გადაადგილების შეზღუდვის ორი ძირითადი პუნქტი. შემოვლითი გზების ბლოკირებისთვის კი სამხედროები გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე არიან მობილიზებული.

ადგილზე დამონტაჟებულია ბარიერები, ღამის ძლიერი განათების სისტემები, მოქალაქეების თერმოსკრინინგისთვის გაშლილია სამედიცინო კარვებიც. ორივე სოფელში აკრძალულია მოქალაქეების შესვლა და გამოსვლა. ამ რეჟიმის აღსრულებას სამხედროები და სამართალდამცავები ერთად უზრუნველყოფენ.

დილიდან ქობულეთის საგუშაგოებზე – გვარასა და ლეღვაში – II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია იმყოფებოდა. მან სამხედროებს საკარანტინო ზონაში მოქმედების შესაბამისი ინსტრუქტაჟი მისცა და სამართალდამცავებთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით 261 149 ავტომანქანა სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს, ხოლო 770 780 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. COVID-19-ის წინააღმდეგ დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები სამოქმედო არეალში უკვე 39 საგუშაგოზე არიან მობილიზებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.