გურჯაანის აგრარული ბაზარი, შესაძლოა, რამდენიმე თვე არ გაიხსნას

682

გურჯაანის აგრარული ბაზარი შესაძლოა რამდენიმე თვე არ გაიხსნას. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ გურჯაანი ავრცელებს. 

ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის ინფორმაციით, სანამ ბაზრის მთლიან ტერიტორიას რეაბილიტაცია სრულად არ ჩაუტარდება, გახსნის უფლება აღარ ექნებათ.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო კი მშენებლობის პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვეც გაიწელოს. რაც შეეხება ცოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს, ბაზარს დღეში 3-ჯერ უტარდებოდა დეზინფექცია. მოვაჭრეები მკაცრად იცავდნენ სოციალურ დისტანციას.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, აგრარული ბაზრები ეტაპობრივად დაიხურა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.