გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჩორჩანამდე ასფალტი დაიგება. ამის თაობაზე ხაშურის მერიამ 1,2 მლნ ლარი გამოყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
პროექტის მიხედვით, სამუშაოები 2020 წლის მაისიდან დაიწყება და 6 თვეში დამთავრდება.
საუბარია 3 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც ერთმანეთს ორ სოფელს – ბროლოსანსა და ჩორჩანას აკავშირებს. ბროლოსნადმე გზის მოასფალტება 2019 წელს დასრულდა.
ჩორჩანა ის სოფელია, რომლის სიახლოვეს 2019 წლის 30 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტრომ ბლოკ-პოსტი გახსნა. დე-ფაქტო სამხრე ოსეთის ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა, რადგან საგუშაგო არა თუ ჩორჩანას ტერიტორიაზე, არამედ ზნაურის რაიონის სოფელ წნელის შესასვლელში განათავსა.
ამ საგუშაგოს გახსნის გამო, დეფაქტო ხელისუფლებამ 2019 წლის 4 სექტემბრიდან ყველა გამშვებ პუნქტზე მოძრაობა შეზღუდა. დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა “რესპუბლიკაში” მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს იმის გააზრებისკენ მოუწოდა, რომ ჩორჩანას პოსტი საფრთხეს თითოეულ მოქალაქეს უქმნის.
რაც შეეხება საგუშაგოს, აღნიშნული პოსტი ჩორჩანადად 4-5 კმ მანძილის დაშორებითაა განთავსებული. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიციის საგუშაგო განთავსდა იქ, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება.