ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა.
ნარმანიას თქმით, მსგავსი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენით დაიზოგება საბიუჯეტო სახსრები და მთავრობას შესაძლებლობა გაუჩნდება, დაზოგილი თანხა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებებისკენ მიმართოს.
„პლატფორმა რეალურად გუშინ ამოქმედდა. გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია პლატფორმის ამუშავებასთან დაკავშირებით. საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა უარი კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მხრიდან გადახდაზე, გამოიჩინეს მათ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა, გადაწყვიტეს, რომ ვინაიდან მათ ეს არ სჭირდებათ, სახელმწიფო მხარდაჭერაზე თქვან უარი. შესაბამისად, ეს თანხა დაიზოგება ბიუჯეტიდან და თვითონ მოქალაქეები გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს.
პლატფორმა არის ძალიან მარტივი და პლატფორმის შემუშავება რეალურად გამოიწვია იმან, რომ ჩენთან იყო მომართვიანობა ცალკეული სოციალურად პასუხისმგებლიანი მოქალაქეების მხრიდან, მათ სურდათ, თვითონ გადაეხადათ ეს გადასახადი და დაზოგილიყო საბიუჯეტო სახსრები, მთავრობას ეს სახსრები ამ შეჭირვებულ პერიოდში სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებების დასაფინანსებლად მიემართა. სწორედ ამიტომაც ჩვენ, ჩვენი აიტი დეპარტამენტის მეშვეობით, ძალიან სწრაფად გავაკეთეთ ეს პლატფორმა“ , – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, პლატფორმა ძალიან მარტივია. კერძოდ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ვებვერდზე მოცემულია ბანერი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონიშნონ ის კომუნალური კომპანია, რომლის გადასახადის გადახდაზეც უარს ამბობენ.
„ეს იქნება თელასი, თუ ენერგო პრო ელექტროენერგიის ნაწილში, ბუნებრივი გაზის ნაწილში თბილისი ენერჯი, სოკარი ან სხვა პატარა ლიცენზიატი კომპანიები. ასევე ანალოგიურად, ავტომატურად წყალმომარაგების მოსაკრებლის გადახდაზე უარის თქმაც ხდება, როცა ნიშნავენ ელექტროენერგიის გადასახადს, მათ შეუძლიათ, უარი თქვან როგორც ერთი თვის გადახდაზე, ამ შემთხვევაში მარტის, ასევე შემდგომ დანარჩენ ორ თვეზე. ანუ, სამივე თვეზე ერთადაც შეუძლიათ თქვან უარი ერთი მოქმედებით. შეყავთ აბონენტის ნომერი, ის მობილური ტელეფონის ნომერი, რომლითაც ისინი რეგისტრირებულნი არიან ბაზაში და რითაც მოსდით „ესემესი“, მოკლე ტექსტური შეტყობინება კომუნალური კომპანიიდან, შეყავთ სახელი და გვარი, აბონენტის სახელი და გვარი, ვის სახელზეც არის რეგისტრირებული მრიცხველი.
შესაბამისად, აჭერენ დადასტურებას და მოსდით შეტყობინება, რომ ოპერაცია არის დადასტურებული. ამის შემდგომ ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტი ამ მონაცემს უგზავნის კომუნალურ კომპანიებს. 11 აპრილის ჩათვლით შესაძლებელია ეს ოპერაციები განახორციელონ მოქალაქეებმა და შესაბამისად, შემდეგ უკვე 11-დან 15 რიცხვამდე კომუნალური კომპანიების ბაზაში ეს ყველაფერი აისახება.
კომუნალური კომპანიები უკვე დაფილტრულ ბაზას გადასცემენ სახელმწიფოს, რათა იმ მოქალაქეებს, რომელთაც ეკუთვნით და უარი არ თქვეს გადახდაზე, აუნაზღაუროს სახელმწიფომ, უფრო სწორად, გადაურიცხოს კომუნალურ კომპანიას მათი კუთვნილი გადასახადი, ხოლო ის, ვინც თვითონ არის მზად გადახდაზე, მათ, რა თქმა უნდა, მოუვათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ მათზე დარიცხულია შესაბამისი თანხა და მოუწევთ, თვითონ გადაიხადონ.
ეს მოქმედება, რომელიც ხორციელდება პლატფორმის მეშვეობით, ზოგავს საბიუჯეტო თანხას. თუ ბიუჯეტს მოუწევდა ვთქვათ ჯამში ყველა კომუნალურ მომსახურეობაზე პირობითად 50 მილიონის გადახდა და 2,3 მილიონზე უარს იტყვიან მოქალაქეები, ვინც ამ პლატფორმით ისარგებლებს, ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტი კომუნალურ კომპანიებს 50 მილიონის ნაცვლად გადაურიცხავს 47,48 მილიონს, ანუ დაზოგავს 2,3 მილიონ ლარს. ბიუჯეტის თანხა, რომელიც ერიცხებოდათ კომუნალურ კომპანიებს, დაიზოგება ბიუჯეტში და ბიუჯეტიდან მთავრობას შეეძლება, სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებაზე მიმართოს“ , – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სემეკის თავმდომარემ დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად უფინანსდება.
სუბსიდიაზე უარის თქმის ელექტრონული პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომია მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gnerc.org.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.