გახარია: ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით

1044

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი.

როგორც გიორგი გახარიამ მსოფლიო ბანკის პროგნოზის კომენტირებისას აღნიშნა, “ვიბრძვით ორ ფრონტზე – ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების და არცერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება.”

“რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ველოდებით და შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს. ასევე მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც დაიცავს ბალანსს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკური განვითარების პოტენციალს შორის. ეს ვერ მოხდება ერთ დღეში და ერთ კვირაში”, – აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, COVID-19-ის გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება.

ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე არის გამოცხადებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.