რიჟვაძე: ხულოს მერიაში პრემიებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით

493

ხულოს მერიაში პრემიების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებებთან მიმართებით ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ დღევანდელ ვითარებაში წახალისებებისა და პრემიების დრო არ არის და ამჯერად პოლიტიკური გუნდი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა, რადგან პრემია მყისიერად დაბრუნდა ბიუჯეტში.

„ამ საკითხის ირგვლივ ერთხელ უკვე აღვნიშნე და დავაფიქსირე პოზიცია. მყისიერად მოხდა გაცემული პრემიის უკან დაბრუნება ბიუჯეტში. ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით და შესაბამისად, იმ პოზიციაზე ვრჩებით, რომ ასეთ ფორსმაჟორულ გარემოებებში, როცა ქვეყანას უჭირს, დაუშვებელია პრემიების და წახალისებების გაცემა. გადაწყვეტილების მიმღებებთან მიმართებით შემოვიფარგლეთ შესაბამისი პოლიტიკური და პარტიული გაფრთხილებით და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა ხულოს მერიის თანამშრომლებზე დანამატების  გაცემასთან დაკავშირებით. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს, რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი, რომლის გაცემაც 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა, თუმცა, დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში.