მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სოლიდარობის ნიშნად შეღავათებით სარგებლობა არ სურთ, სპეციალური პლატფორმა ამოქმედდა

1222

მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ ამ შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ.

სემეკ-ის ინფორმაციით, მოქალაქის მიერ ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება. პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.

“იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ ყოველთვიურად – ყოველ თვეზე ცალ-ცალკე. მარტის თვის გადასახადის შემთხვევაში, უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 აპრილი. ამასთანავე, თუ მოქალაქეებს, არ სურთ შეღავათით სარგებლობა, აღნიშნული სურვილის დაფიქსირება შესაძლებელია ერთიანად – სამივე თვეზეც.

კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც მარტში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ,” – აცხადებენ სემეკში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.