სოფელ რუსთავის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა ორი თვის წინ დაშრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალზე პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც „მტკვარი ჰესმა“ სოფელ საყუნეთიდან რუსთავის მიმართულებით გვირაბის გათხრა დაიწყო.
ვერც ჰესის ხელმძღვანელობა და ვერც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წყლის დაწყვეტის ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობს. როგორც „მტკვარი ჰესში“ განმარტავენ, რუსთავში წყლის შეწყვეტის მიზეზებს კომპანია დაადგენს. მოკვლევა უკვე დაიწყო.
„ეს ჩვენ ავიღეთ თავზე, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ნაკლები შანსია გვირაბის მშენებლობა რამე შუაში იყოს“, – ამბობს თანაინვესტირების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიკა ჩოხელი.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიდება დასკვნა. და, ვიდრე „მტკვარი ჰესი“ რუსთავის სასმელი წყლის ერთი სათავე ნაგებობის დაშრობის მიზეზს სწავლობს, სოფელში ამბობენ, რომ მეორე წყაროც შრება, რომლითაც 12 ოჯახი სარგებლობდა.
„მთიდან ჩამონადენი წყალია, გვირაბი სადაც შენდება, სადღაც 300 მეტრში გამოდის. აქაც ვფიქრობთ, რომ გვირაბია მიზეზი. ახლა წვეთ–წვეთობით დის და ცოტა ხანში საერთოდ აღარ იქნება“, – გვეუბნება ადგილობრივი ჯემალ იაკობაძე.
გამგეობაში ამბობენ, რომ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად წყლის სხვა რესურსების ძიებას დაიწყებენ და პროექტსაც შეადგენენ.
ამ დროისათვის, სოფელ რუსთავის მოსახლეობა ოშორის ტყიდან ჩამონადენი წყლით მარაგდება. სოფელს წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათი აქვს.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე