ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებისთის საგრანტო პროგრამას აცხადებს

592

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საგრანტო ფონდს ქმნის, რომელიც სტუდენტებს სხვადასხვა გზით დააფინანსებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სექტემბერში უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზად იქნება და საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი წელიწადში 2250 ლარი იქნება.

KIU-ს რექტორის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, ეს არის თანხა, რომელსაც 100 პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი ფარავს და რომლის მოპოვებაც ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზეა შესაძლებელი.

“ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი. ფონდის მიზანია სტუდენტებს დავუფაროთ სწავლის გადასახადი, სტუდენტური საცხოვრებლის საფასური, საუნივერსიტეტო სტიპენდია და უზრუნველვყოთ საკვებისა და სხვა ხარჯების დაფარვაც”, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მოცულობით დაფინანსდებიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხვდებიან საუკეთესო 100, 200 და 300 აბიტურიენტთა სიაში, საშუალო განათლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, მათემატიკის, პროგრამირებისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული, მათემატიკური კონკურსის “Mვექტორი” და მილენიუმის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები სტუდენტები.

ფონდის ფარგლებში ასევე მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში გასცემს დაფინანსებას, მათ შორის:

• სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
• სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა);
• სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
• სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
• სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
• სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;
• სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

ადმინისტრაციის ცნობით, დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. საუკეთესო კანდიდატების დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით).

შეგახსენებთ, ფონდმა “ქართუმ” ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. უნივერსიტეტში პირველი სტუდენტების მიღების თარიღად თავდაპირველად 2019 წელი დასახელდა, თუმცა შემდეგ ამ ვადამ 2020 წლისათვის გადაიწია.