ფოთის საგუშაგოებზე თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა

444

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონტროლის წესები შეიცვალა.

უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ.

„მხოლოდ ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი საგუშაგოებთან მდებარე საველე სამედიცინო პუნქტებში. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი, სამხედრო ექიმები მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ამუშავებენ, მის კონტაქტებს არკვევენ და ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუყოვნებლივ აწვდიან.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი შსს წარმომადგენლებთან ერთად მდინარე რიონთან და მალთაყვასთან გადაადგილების კონტროლის ორ პუნქტზეა მობილიზებული. სამხედროებსა და სამართალდამცავებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კონტროლი და სპეციალური ხსნარებით დეზინფექციის ჩატარება, ასევე მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმება”, – აღნიშნავენ უწყებაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 46 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.