გურჯაანის მერიამ დიალიზით მოსარგებლე პირებს მგზავრობის დაფინანსება გაუორმაგა

534

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირებს, დაუნის სინდრომის, 0-დან 7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის აშლილობისა და ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება გაუორმაგა.

ისინი თანხას მომავალი კვირიდან მიიღებენ. პროგრამით 72 ბენეფიციარი ისარგებლებს. გურჯაანის მერიამ ბიუჯეტიდან დამატებით 4 ათას ლარამდე გამოყო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.