შსს-მ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 46 პირი დააჯარიმა

649

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს.

„პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ“,-ამბობენ სამინიტროში ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინია გამოცხადებული. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.