გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სამართალდამცავებმა 11 ადამიანი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს სტადიონზე ფეხბურთის თამაშისთვის.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ თავშეყრის ადგილას შეკრებილები რამდენიმეჯერ გააფრთხილა, თუმცა უშედეგოდ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, საპატრულო პოლიცია, მერიის ზედმახედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში ყველა თავშეყრის ადგილს ამოწმებს და მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების გზებზე მიუთითებს.
“ყოველი დილის 5 საათი ჩვენთვის მოსახლეობის გაფრთხილებით იწყება.პოლიციასთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ვუხსნით როგორ ავირიდოთ კორონავირუსი თავიდან და რა არის საჭირო ამისთვის. მაგრამ არსებობს გარკვეული შეხედულების ხალხი, რომლებიც რეკომენდაციებს, მიუხედავად გაფრთხილებისა, არ ითვალისწინებს და სწორედ ამის გამო დაჯარიმდა დღეს 11 ახალგაზრდა”, – განაცხადა ხანდამაშვილმა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.