ველისციხის, ბოდბისხევის, აფენის, წნორისა და კაბალის ტრადიციური საკვირაო ბაზრობები დაიკეტა. კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით რეგიონის თვითმმართველობებმა შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცლეებს.
თუმცა მუშაობას განაგრძობს ყოველდღიური აგრარული ბაზრები თელავსა და რეგიონის სხვა ქალაქებში. როგორც გურჯაანის მერიაში ამბობენ, მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზრის სრული დეზინფექცია ყოველდღიურად მიმდინარეობს, ხოლო მოვაჭრეებს დეტალურად აცნობენ კორონა ვირუსთან დაკავშირებულ წესებს.
„გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს ის აუცილებელი რეკომენდაციები გააცნეს, რომლის დაცვაც მათ კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ევალებათ. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა აღნიშნეს, აუცილებელია მოვაჭრეებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, გამოიყენონ ხელთათმანები, ქუდები და პირბადეები.“
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.