გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქტები გამოტანა ხდება, თუმცა ის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა.
„რა თქმა უნდა, პროდუქტი უნდა მოდიოდეს, ხდება კიდეც ამ პროდუქტის გამოტანა. ის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. ეს პროდუქტი ბაზარს უნდა მიეწოდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ის ადამიანები, ვინც საკარანტინო ზონაში იმყოფებიან, ისინი არ გადაადგილდებიან კარანტინის გარეთ. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეზე საუბარი იმისთვის, რომ ერთის მხრივ ადვილად მოხდეს პროდუქტის შიგნით შეტანა და მეორეს მხრივ, ადგილზე წარმოებული პროდუქტის გარეთ გამოტანა“,-განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, სურსათის ეროვნულის სააგენტოსთან ერთად უკვე შეთანხმებულია ის მარშრუტი, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„ძირითადად, ეს ეხება მარნეულის იმ ადგილებს, სადაც ინფიცირებული ადამიანები სახლობდნენ ან მოღვაწეობდნენ. ასევე იმ სოფლებს, სადაც მათ კონტაქტი უწევდათ. ამიტომ, სადეზინფექციოდ პირველი პრიორიტეტი არის ზუსტად ის მიმართულებები, რომელიც უფრო მეტად სარისკოა, თუმცა ჩვენ საკმაოდ მძლავრი სპეციალური ტექნიკა გვყავს შეყვანილი რეგიონში იმისთვის, რომ მასიურად მოხდეს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რომ რისკები დავწიოთ“,- განაცხადა დავითაშვილმა.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.