გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში პირბადეებს კერავენ და მსურველებზე უფასოდ გასცემენ. სამკერვალოს დამფუძნებელი, ნინო უმეკაშვილი აცხადებს, რომ უკვე 1500-მდე პირბადე აქვთ გაჩუქებული და კერვის პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემი წვლილი შემეტანა კორორნავირუსის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში. გადავწყვიტე, ჩემს სამკერვალოში შემეკერა და მოსახლეობისთვის უფასოდ დამერიგებინა პირბადეები. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა და მოქალაქეთა ჩართულობაც. ადგილობრივებს თავად მოაქვთ სხვადასხვა ქსოვილი და უსასყიდლოდ გვაძლევენ, რომ მეტი პირბადის შეკერვა შევძლოთ. მკერავები არ გვყავს, სულ ოთხნი ვმუშაობთ და აქედან ერთი მათგანი ჩვენი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატია, რომელმაც კერვა ახლა ისწავლა. გვერდში გვიდგას ადგილობრივი ხელისუფლება, მათი და მოსახლეობის დახმარებით, შეგვიძლია გავაკეთოთ კეთილი საქმე”- ამბობს ნინო უმეკაშვილი.
სამკერვალო საწარმო შიდა ქართლის გუბერნატორმაც დაათვალიერა და მუშაობის პროცესს გაეცნო.
„მსოფლიო პანდემიის პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ყველა რეკომენდაციის დაცვას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთ დამცავ საშუალებად მიჩნეულია პირბადეებით სარგებლობა. ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ დავინახეთ რამდენიმე მაღალპასუხისმგებლობიანი საწარმო, ერთ-ერთი არის მეჯვრისხევის სამკერვალოც, რომელიც პროექტის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფუძნდა და საკერავი მანქანები შეიძინა, ამ საწარმომ, საკუთარი სურვილით, უსასყიდლოდ შეკერა პირბადეები და გადასცა მოსახლეობას. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.