საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალებს დაევალათ, პრეზიდენტის დეკრეტისა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე, უზრუნველყონ მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, სიტუაციის ნორმალიზება და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის №1 დეკრეტითა და „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მარტის №180 დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების, სიტუაციის ნორმალიზებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის ბრძანებაში.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 192 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.