საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

1244

შემდეგი სტატია

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

“მიუხედავად იმისა რომ ბევრი ღონისძიება უკვე მიღებულია და გაგრძელდება, საქართველოს მთავრობა და მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე”, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა აიკრძალება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.

აქამდე დაკეტილი იყო ყველა სავაჭრო ობიექტი სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, საკოლმეურნეო ბაზრების და ბენზგინგასამართი სადგურების გარდა.

შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და საჰაერო ფრენები. ქვეყანაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უშვებენ, რომლებმაც 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ. 19 მარტს ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა ჯარიც.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.