ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მალხაზ ჭეჟია, ინგირში ასფალტ-ბეტონის ქარხნის ფუნქციონირების გაგრძელებას გარკვეული პირობების დაცვით ითხოვს. ამის შესახებ მან დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ქარხანაში დასაქმებულთა უმრავლესობას იცნობს და არც მას და არც ადგილობრივებს მათი უმუშევრად დატოვება არ სურთ, თუმცა არც მოთხოვნების იგნორირება შეიძლება.
მალხაზ ჭეჟია ამბობს, რომ პირველ რიგში აუცილებელია შენობის გადაიარაღება მოხდეს, რაც გულისხმობს გამწმენდი ფილტრების დამონტაჟებას. საკრებულოს წევრის განმარტებით, ყოველ დილით მოსახლეობა სუფთა ჰაერის ნაცვლად, ჭვარტლს სუნთქავს. გარდა ამისა, სამუშაოებისას წარმოქმნილი გრუხუნის ხმაც უნდა შემცირდეს.
კერძოდ, დეპუტატი ამბობს, რომ ეს სამუშაოები შეთანხმების მიუხედავად დილის 7, ან რვის ნახევარზე იწყება და ადგილობრივებს ძილს უფრთხობს, რადგან ხმა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ისმის.
კიდევ ერთი მოთხოვნის თანახმად, ქარხანამ შაბათ-კვირას არ უნდა იფუნქციონიროს.
„მე არაფერს ვლაპარაკობ იმ ინფრასტრუქტურაზე, გზებზე, რომელიც ამ ქარხანამ და მისმა ტექნიკამ დაანგრია.. 200 მეტრში ვცხოვრობ. გამაღვიძა ასფალტის ქარხნის ხმაურმა. ქვემოთ ჩავედი. ეზოში კვამლის ბუღი იდგა. დილით რომ დგები, გინდა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო, მაგრამ ისუფნთქავ იმ ჭვარტლს, რაც ეზოში დგება“, – აღნიშნა მალხაზ ჭეჟიამ.
დეპუტატის საპასუხოდ გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა განმარტა, რომ მათი თანამშრომლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე. შედგა ოქმი, სადაც განისაზღვა, რომ ქარხანამ დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე უნდა იმუშაოს, შაბათ-კვირის გარდა:
„თუ ჩვენ არ დაგვექვემდებარება, მერე ჯარიმებით ვიმოქმედებთ. 2 ათასი ლარი იქნება პირველ ჯერზე. მეტს ვერაფერს შეგპირდებით. მათ აქვთ ყველანაირი ლიცენზია“.
მალხაზ ჭეჟიას თქმით, ყველასთვის ცნობილია, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული ქარხანა და ვის მფარველობენ, რაც „ამ ქვეყანაში არასდროს დამთავრდება“. დეპუტატს კონკრეტული სახელი და გვარები დღეს არ დაუსახელებია, სხდომის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებთან დამატებით არაფერი განუმარტავს.
მისი „პესიმიზმი“ არ გაიზიარა საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ, რომლის განმარტებითაც ქვეყანა ვითარდება და ისინი „ოპტიმისტები“ არიან.
ინიგირის მოსახლეობის ნაწილი უკვე წლებია აპროტესტებს ასფალტ-ბეტონის ქარხნის მუშაობას. მათი თქმით, ობიექტი უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს. აღნიშნულ საკითხზე „ლაივპრესმა“ მასალა ორი წლის წინ მოამზადა. ადგილობრივებისგან განსხვავებული პოზიციები ქონდათ მაშინ ქარხნის ადმინისტრაციას და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურს.
უფრო ადრე, 2013 წელს, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტრომ ქარხანას ფუნქციონირება აუკრძალა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79-ე პრიმა მუხლის თანახმად ფულადი ჯარიმა დააკისრა.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ინფორმაციით, ქარხანამ ტექნიკა განაახლა და ამჟამად მისი დახურვის ან მუშაობის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
აღნიშნული ქარხანა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, მარიამ საჯაიას ძმის, ნიკოლზ საჯაიას ძმის კომპანიაა.
წყარო: ლაივპრესი