აჭარაში 6000-ზე მეტ ადამიანზე სასურსათო პროდუქტები გაიცემა, – ამასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და რეგიონში მინდინარე პრევენციულ ღონისძიებებსა და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 100 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე, სადაც ფიქსირდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირები.
„ამ კატეგორიაში დღეს აჭარაში 6000-ზე მეტი მოქალაქეა. მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს შესაბამისი ბიუჯეტი და აღნიშნული სასურსათო კალათა გადაეცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში ფიქსირდებიან და 100 000-მდე ქულა აქვთ.
მიწოდება განხორციელდება საჯარო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების, აჭარის ახალგაზრდული ცენტრის, ჩვენი მოხალისეების თანამონაწილეობით. დარიგების პროცესიც შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით მოხდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.