კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდა

609

დღეიდან კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტებს დავალება მიეცათ, ეს საკითხი მკაცრად გააკონტროლონ პოლიციის დახმარებით.

გუბერნატორის განმარტებით, დაწესებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოსახლეობამ გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავოს.

“დღეიდან ყველა მუნიციპალიტეტში გაჩერდა სამარშრუტო ტაქსების მუშაობა, რადგან იქ უფრო დიდია ვირუსის გავრცელების საფრთხე. ყველა მუნიციპალიტეტს მიეცა მითითება, ეს საკითხი პოლიციასთან ერთდ მკაცრად გაკონტრილდეს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოსახლეობამ თავი შეიკავოს გადაადგილებისგან და სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ. დღეს არ არის მოგზაურობის დრო და აუცილებელია გადაადგილება მინიმუმამდე შევამციროთ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია მოსახლეობა დარწმუნდეს პრობლემის სიმწვავეში, თუმცა პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, სხვა პრევენციული ღონისძიებების გარდა, კიდევ უფრო გაძლიერდება კონრტოლი საკარანტონო ზონასა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზე.

“ჩვენ ამ მიმართულებით კონტროლს გავაძლიერებთ. გარდა ამისა, მოვუწოდებთ დამსაქმებლებს, იმათ, ვინც სოფლის მეურნეობის ან სხვა მიმართულებით მუშაობს და საქმიანობის გაჩერება შეუძლებელია, შეუქმნან დასაქმებულებს ყველა პირობა, რომ ისინი დაინფიცირებისგან იყვნენ დაცულები”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებში ასევე შეიზღუდა კვებითი ობიექტების და სატრენაჟორო თუ სპორტული დარბაზების მუშაობა.