ტიკარაძე: თუ ინფიცირების შემთხვევების მაღალი მატება გვექნება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ შეჩერდეს

470

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელებაზე.

მინისტრის განმარტებით, თუ ქვეყანაში იქნება ვირუსის მაღალი გავრცელება, არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია აუცილებლად გაიცემა.

„რეკომენდაცია ცალსახად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს აკადემიური სრული მოსწრებით,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო, შესაძლოა, 26 აპრილამდე სასწავლო პროცესის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდეს.