პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფოსტასა და ჯანმრთელობის სამინისტროს ერთობლივი მექანიზმის შექმნა დაევალათ, რომელსაც სოციალურად დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს ყოველდღიური მომსახურეობის გაწევისთვის შესთავაზებენ.
აღნიშნულის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები უკლებლივ, თითოეული უნდა მოექცეს თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად, ეკონომიკის სამინისტროს და ფოსტას დაევალა ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს იმ მომსახურეობის გაწევისთვის, რომელიც მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარია მოქალაქეებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს, ვინაიდან მისივე განმარტებით, გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობა ვერ გაუმკლავდება.
„ეპიდემიის, ვირუსის გავრცელების შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ და ყველანი მზად უნდა ვიყოთ, როგორც მთავრობა, შესაბამისი სამინისტროები, ასევე ჩვენი მოქალაქეები. რაც მთავარია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, როგორც მოქალაქეებს, ასევე კომპანიებს, ასევე ყველა იურიდიულ პირს, რეკომენდაციები, რომელიც მთავრობის მიერ გაიცემა, სავალდებულოა შესასრულებლად. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების წინაშე და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წინაშე. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გლობალურ გამოწვევას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არ არის არანაირი პანიკის საფუძველი – როგორც იმპორტირების და შეჩერების ეტაპზე ვიმოქმედეთ საკმაოდ ეფექტურად, იგივე სტილში გავაგრძელებთ მოქმედებას, იმისთვის, რომ გავრცელების ეტაპზეც შესაბამისი პასუხი გავცეთ გამოწვევებს“, – განაცხადა გახარიამ.