ქუთაისში, რეგიონებში განსახორციელეებლი პროექტების ფონდის დაფინანსებით, 29-ე ბაგა-ბაღისათვის ახალი შენობა აშენდება. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქ ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განმარტებით, არსებული შენობა ამორტიზებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. მისივე თქმით, ბაღმა ფუნქციონირება დაახლოებით 7-8 წლის წინ შეწყვიტა.
“ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე 29-ე ბაღი ახლა დახურულია და არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტია, რომ ბაღი იმავე ადგილზე ავაშენოთ, რადგან მოსახლეობის მოთხოვნაა. გვაქვს ალტერნატიული ადგილი ჭიათურის ქუჩაზეც, ვმუშაობთ ამ ორ საკითხზე,”-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
ახალი საბავშვო ბაღი დაახლოებით 150 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. მშენებლობისათვის 1 700 000 ლარი დაიხარჯება.