ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ქარელში ახალი მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა

985

შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში კოოპერატივმა „ახალგაზრდა ფერმერმა“ მერძეული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა ააშენა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფერმის ასაშენებლად 700,000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 60,000 ლარი პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმისგან“ მიღებული გრანტი.

მათივე ინფორმაციით, კოოპერატივს მეურნეობაში დასაქმებული ყავს 6 ადგილობრივი ადამიანი და მის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. ფერმაში ამჟამად 50 სული მერძეული მაღალპროდუქტიული ჯიშის (ჰოლშტეინი) საქონელია. ფერმაში ყოველღიურად 1 ტონამდე რძეს აწარმოებენ.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კოოპერატივის, „ახალგაზრდა ფერმერის“ ფერმა მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 28 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა რძის და ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები და ა.შ.

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.