გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გასულ წელს 2 ბინა იყიდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მიხეილ გოგინაშვილმა საცხოვრებელი ფართი თბილისში, 66 კვ. მ-ზე ბელიაშვილის ქუჩაზე 79 560 ლარად შეიძინა, ამავე ქუჩაზე, 44 კვ. ბინაში კი 53160 ლარი გადაიხადა. მაშინ როცა, შემოსავალი მიხეილ გოგინაშვილს ქონებრივი დეკლარაციაში მხოლოდ ხელფასიდან უფიქსირდება.
ფრაქციის თავმდჯომარეობიდან მან 2019 წელს 19 200 ლარი მიიღო, აღნიშნულ უძრავ ქონებაში კი გასული წლის სექტემბერში სულ 132 720 ლარი გადაიხადა. ეს თანხა გოგინაშვილს ნასყიდობის ფორმით, გასავლებში აქვს მითითებული. ორი წლის წინ ასევე შეძენილი უძრავი ქონებიდან კი შემოსავლის სახით, მას 65 000 აშშ დოლარი უფიქსირდება.
გასულ წელს გასავალი მიხეილ გოგინაშვილს 24974 აშშ დოლარიც ჰქონდა, ამ თანხით მან კერძო პირის სესხი დაფარა, რაც წინა წლის დეკლარაციის მიხედვით, ბინის რემონტისთვის ჰქონდა აღებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე “ქართული ოცნების” წევრის მიერ გასულ წელს გაცემული თანხები (სხვადასხვა მიმართულებით) ბევრად აღემატება მის ერთი წლის შემოსავალს საკრებულოდან, რაზეც მიხეილ გოგინაშვილი განმარტავს, რომ ახალი ფართები 2019 წელს, ორი წლის წინ შეძენილი ბინის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლით იყიდა.