სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებისა და ბაღების დეზინფექცირება დასრულდა

528

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყველა სკოლის და საბავშვო ბაღის დეზინფექციის სამუშაოები დასრულდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ცნობით, ჯამში დამუშავდა 262 საჯარო და კერძო სკოლა და 290 საბავშვო ბაღი. ამასთან, დამუშავდა თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლები და სპორტული ობიექტები. მუნიციპალიტეტებში დეზინფექცია უტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

„მუშავდება სახელოვნებო და სპორტული სკოლები. სასწავლო პროცესის დაწყებამდე სამი დღით ადრე მუნიციპალიტეტებში არსებული ყველა სასკოლო ტრანსპორტის დეზინფექცირება მოხდება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.