ქვიშის ქარი ანაკლიაში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

522
ანაკლიელებს ქარის განსაკუთრებით ეშინიათ, მისი ოდნავ გაძლიერებაც საკმარისია, რომ ადგილობრივების ეზოები თუ სახლები ქვიშით დაბინძურდეს. ამინდის პროგნოზზე დამოკიდებულები, ძლიერი ქარის დაანონსების შემთხვევაში ბავშვებს ნათესავებთან ხიზნავენ. ამბობენ, რომ ძლიერი ქარის შემთხვევაში ქუჩებში ყველაფერი ნაცრისფერი ხდება და ეზოში ყოფნა შეუძლებელი ხდება, უჭირთ სუნთქვაც. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს ლაივპრესი ავრცელებს.

„ეს არ არის ჩვეულებრივი ქვიშა, ეს არის ქვიშის მტვერი. ფანჯრებიდან, კარებიდან აღწევს და სუნთქვა გვიჭირს. გავსკოჩეთ კარებიც მაგრამ არაფერი არ შველის“, – ამბობს ანაკლიელი ლალი შელია.

პორტის ტერიტორიაზე სადაც ახლა სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, 2018 წელს ზღვის ფსკერიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრის ქვიშაა დაყრილი. ტერიტორია დასახლებულ პუნქტს ესაზღვრება. ქვიშის გამომშრალი მასა ქარს დააქვს.

ლალი შელია პორტის ტერიტორიასთან ყველზე ახლოს ცხოვრობს. მისი სახლის ფანჯრიდან ხელის გულივით მოსჩანს ქვიშის გორაკები.

დიასახლისის ორსართულიანი სახლის ყველა ოთახი დაბინძურებულია – იატაკი, ავეჯი, საწოლი… ზღვის ფსკერის ქვიშა აქ ყველგან ყრია.

„გუშინ გამოვწმინდე ყველაფერი და დღეს ისეთი მტვერია არაფერი ჩანს. არ ვიცი რა გვეშველება“,- ამბობს ლალი.

ასევეა დაბინძურებულია პორტის სიახლოვეს მდებარე ათობით სხვა ანაკლიელის სახლი და ეზო. 2018 წელს პრობლემაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ, რადგან არ უნდოდათ პორტის მშენებლობის პროცესში რაიმე საზიანო განცხადებები გაეკეთებინათ, თანაც იმედი ჰქონდათ, რომ პრობლემა მალე მოგვარდებოდა. მას შემდეგ კი, რაც მშენებლობა შეჩერდა, ამაზე საუბარი აქტიურად დაიწყეს. ამბობენ, რომ საკურორტო ზონაში ცხოვრება უკვე აუტანელი გახდა.

„ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. აქედან წასვლა გვინდა, მაგრამ სად წავიდეთ?!“, – კითხულობს ნანა ჩიქობავა.

მისი თქმით, პრობლემა აისახება ტურისტულ ბიზნესზეც, რომელიც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ნანა ჩიქობავა ამბობს, რომ ქარიან ამინდში მოსულმა დამსვენებლებმა მათი სახლების დაქირავებაზე უარი თქვეს.

პრობლემას „ანაკლიის ეკოლოგიურ კატასტროფას“ უწოდებს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დათა შელია. ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემაზე საუბრისას მასთან მხოლოდ თანაგრძნობით შემოიფარგლება. ის სიტუაციიდან გამოსავალს ქვიშის მიწით დაფარვაში ხედავს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც პორტი უნდა აეშენებინა, მთავრობამ ხელშეკრულება 9 იანვარს შეუწყვიტა. გაურკვეველია რომელი კომპანია გააგრძელებს მის მშენებლობას.
ცნობისთვის, პორტის საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იყო დაგეგმილი.