“ეკო ჯორჯია”: გორში, ჩვენს საწარმოში პლასტმასის გადამუშავება არ მოხდება

1863

წინა სტატია

კომპანია “ეკო ჯორჯია”, რომელიც გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმოს ამუშავებას გეგმავს, ამბობს, რომ პარკებს პლასტმასისგან არ დაამზადებს, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.

“ჩვენ ამ წარმოებაში საკმაოდ დიდი ინვესტიციები გაკეთდა, რათა მოხდეს ბიოდეგრადირებადი ნაწარმის გამოშვება. მთავრობის დადგენელების მიხედვით, უკვე აკრძალულია პლასტიკის პარკების წარმოება და განსაზღვრულია, რომ უნდა იყოს ბიოდეგრადირებადი პარკი, რომელიც შეესაბამება სტანდარტებს. შესაბამისად, ჩვენ ამ სტანდარტის დაცვით ვიმუშავებთ და ასევე რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტიზის პასუხსაც სამხარაულის ბიუროდან, რომ ჩვენი პარკი არ შეიცავს პლასტიკს”, – ამბობენ “ეკო ჯორჯიაში”.

საწარმოს წარმომადგენლის თქმით, პარკი, რომელიც მათთან მზადდება შეიცავს სიმინდის სახამებელს, გლიცერინს და სხვადასხვა შენარევებს.

“მალე გვექნება საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატიც. მოსახლოებას მინდა ვუთხრა, რომ ქარხანა არანაირად არ მოახდენს გავლენას მათ ჯანმრთელობაზე, გამონაბოლქვიც კი არ იქნება, როგორც მათ წარმოუდგენიათ”, – განაცხადა “ეკო ჯორჯიას” წარმომადგენელმა.

ინფორმაციისთვის, გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმოს ამუშავების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის ნაწილი უარყოფითად შეხვდა. ისინი შიშობენ, რომ ქარხანა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.