ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს ბაღში რემონტის დასასრულებად ტენდერი გამოცხადდება

694

ვალეს საბავშვო ბაღში რომ სარემონტო სამუშაოები დასრულდეს ახალციხის გამგეობამ კიდევ ერთ ტენდერი უნდა გამოაცხადოს. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ამის გამო სასწვლო პროცესის განახლება არ გადაიწევს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან 247 950 ლარი გამოუყეს. მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ამ თანხით ვალეს საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაასრულოს.

„ეს თანხა ჯერ ბიუჯეტში აისახება, შემდეგ ტენდერი გამცოხადდება, გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება და სამუშაოები დაიწყება“, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე.

მისი თქმით, ეს სამუშაოების მეორე ეტაპია და მიმდინარესთან კავშირში არ არის.

ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი 9 ივნისს დაიწყო და 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს. ამის გამო აქ დასაქმებული 23 თანამშრომელი 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

შეკითხვაზე, გადაიწევს თუ არა მეორე ეტაპის სამუშაოების გამო სასწავლო პროცესის განახლება, გამგეობაში აცხადებენ, რომ არა.

„ბაღის რეაბილიტაციის პროექტი რომ შევადგინეთ სოლიდური თანხა, 600 000 ლარი შეადგინა. ამიტომ პირველ ეტაპზე შიდა სამუშაოების დასრულება დაიგეგმა. ინტერიერი სრულად 20 სექტემბრამდე მოეწყობა, სველი წერტილებით, კარ–ფნჯრით, სახურავით, იატაკით“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

მისი თქმით, მეორე ეტაპი შენობის გარე ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობას გულისხმობს: „პირველი ეტაპის სამუშაოები რომ დასრულდება, შენობის აღსაჭურვად და ინვეტარის შესატანად ორი კვირა მაინც დაგვჭირდება. ამ პერიოდში კი მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდება. ამისთვის თადარიგი უკვე დავიჭირეთ,მთავრობას თხოვნით მივმართეთ რომ ხუთდღიანი გამარტივებული ტენდერი გამოვაცხადოთ, რაზეც თანხმობა მივიღეთ“.

მელიქიძის თქმით, მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოები 10 აგვისტომდე დაიწყება და სექტემბრის ბოლომდე მორჩება: „ამდენად აქ სასწავლო პროცესის განახლება პირველ ოქტომბერს არ გადაცდება“.

ვალეში საბავშვო ბაღის პირველი ეტაპის რეაბილიტაციისთვის 318 266 ლარია გამოყოფილი.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე